პროტესტის შედეგი: ხატიაშვილების ოჯახს დღეს არ გამოასახლებენ
საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გამოსახლებას კიდევ ერთი ოჯახი გადაურჩა. ვაკეში დღეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება იგეგმებოდა, თუმცა დილის 08:00 საათიდან კორპუსთან ხალხი შეიკრიბა. ოჯახმა კი, რომელიც კერძო მევახშის მოთხოვნით სახლიდან უნდა გამოესახლებით, ბინის კარი და ფანჯრები შეადუღა. ამრიგად, აღსრულების სამახურმა არათუ გამოსახლება, ადგილზე მისვლაც კი გადაიფიქრა.
კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და არასამთავრობოს ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან.
თავად მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ მზადაა, ბინის გამოსასყიდად იმაზე მეტი თანხა გადაიხადოს, ვიდრე ისესხა, თუმცა მევახშეს ბინის ინტერესი აქვს. მისივე თქმით, თაღლითურ საქმეში ხელისუფლება და მოსამართლეები არიან ჩართულები.
გვასახლებენ 10 თვის ბავშვთან ერთად 4 სულიან ოჯახს. გვებრძვიან, ფულს ვახვედრებთ, ვაძლევთ მევახშეს იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ვისესხეთ. არ უნდა ფული, აქვს ბინის ინტერესი. ამ მევახშეობაში ტრიალებს ყველას ფული, ვინც მთავრობაშია, ვინც სადმეა, მოსამართლეების ფული... ახლა ჩემს საქმეში ჩართულია მოსამართლე თინა ვაშაყმაძე... აწყობილი მაქვს საქმე, პირდაპირ ჩანს მოსამართლის გარიგება მხარესთან. თინა ვაშაყმაძე დღეს უყკვე მუდმივ მოსამართლედ გადაიყვანეს... საკანონმდებლო ხარვეზი კი არ არის, საკანონმდებლო გენოციდია, დანაშაულია საკანონდებლო, - ამბობს მარინა ხატიაშვილი.
ხატიაშვილის ადვოკატი კი საკანონმდებლო ხარვეზზე საუბრობს, რომელიც მევახშეს პრივილიგირებულ მდგომარეობაში აყენებს, და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის რეგულაცია.
ჩვენ სამართლებრივი ბერკეტები ამ ეტაპზე გამოცლილი გვაქვს და ვერ ვიცავთ მფლობელის ინტერესებს და ქალბატონი მანანას, ე.წ. დაზარალებულის ინტერესებს. სწორედ რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს ამის რეგულაცია აუცილებლად, რომ თანაბარი უფლებები ჰქონდეს ზუსტად ამ სააღსრულებო პროცესშივე, - ამბობს ადვოკატი.
ადგილზე ამ დრომდე ისევ ბევრი ადამიანი რჩება, რომლებიც ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის, ანალოგიურ მდგოარეობაში ხვალ და ზეგ თავად აღმოჩნდნენ.