ვგმობთ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ძალადობას - სახალხო დამცველი

04.05.21 20:43
ვგმობთ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ძალადობას - სახალხო დამცველი

დავით გარეჯში მომხდარ, ჟურნალისტებზე თავდასხმის, ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი გმობს მედიაზე ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, დაუყონებლივ მოახდინონ დროული და ობიექტური რეაგირება.

4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სატელევიზო სიუჟეტის მომზადების დროს ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტების მიმართ ადგილი ქონდა ძალადობრივ ქმედებებს იქ მყოფი სასულიერო და სხვა პირების მხრიდან. ჟურნალისტების განცხადებით, დაზიანებულია მათი ტექნიკაც.  სამწუხაროა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედიასაშუალებების  წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა.
სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.
 მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ  განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.
 გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა - ნათქვამია განცხადებაში.