თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა - 2022 წლის შეჯამება

27.01.23 11:58
თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა - 2022 წლის შეჯამება

13 კურსი, 100-ზე მეტი ტრენინგი, 13 430 რეგისტრაცია და 5000-ზე მეტი დასწრება – 2022 წელი თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამისთვის გამორჩეული იყო. რიცხვების გარდა, პროგრამის წარმატებაზე დამსწრეთა შეფასებებიც მეტყველებს —  ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა კომპანიის უკეთესად მართვაში ეხმარებათ.

უკვე ათ წელზე მეტია, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად და სტარტაპ ეკოსისტემის გასაძლიერებლად მასშტაბურ განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მოიცავს კურსებსა და ტრენინგებს ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, საგადასახადო საკითხების და სხვა დარგების შესახებ, შეხვედრებს კი სფეროს პროფესიონალები უძღვებიან. 

„განათლება თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და პარტნიორებთან ერთად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უწყვეტად ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კურსსა თუ ტრენინგს როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველისთვის”, — აღნიშნავს დეა გეგელია, თიბისი ბიზნესის მარკეტერი.

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის მართვის შესახებ სიღრმისეული ცოდნის მისაღებად, რამდენიმე სესიისგან შემდგარი კურსები იმართება, როგორებიცაა ფინანსები მენეჯერებისთვის, ექსპორტის მართვის საფუძვლები, სასტუმროს მენეჯმენტი, სტარტაპ კურსი და სხვა. ამასთან, რეგულარულად ეწყობა ტრენინგები, სადაც დამსწრეები მოკლე დროში, ერთ შეხვედრაზე განიხილავენ ამა თუ იმ დარგის კონკრეტულ ასპექტებს. კურსებისა და ტრენინგების შინაარსი კი მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი ბიზნესის საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული. 

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ბაზარს, ვიცით, რა ტიპის ბიზნესები ოპერირებს, რა სფეროებია დომინანტური, ამასთან, მუდმივად ვიკვლევთ, რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს, ვაკვირდებით საერთაშორისო ტრენდებს და სწორედ ასე ვაწვდით ლოკალურ ბიზნესებს მათთვის საჭირო ინფორმაციას”, — ამბობს დეა გეგელია.

2022 წელს პროგრამა ჰიბრიდულად მიმდინარეობდა, სესიების ნაწილი ფიზიკურად ჩატარდა, ნაწილი კი — ონლაინ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები ქუთაისის ტრენინგ ცენტრშიც გაიმართა, სადაც ადგილობრივი ბიზნესის 130-მდე წარმომადგენელი დაესწრო დავით პაპიაშვილისა და შოთა ჩინჩალაძის ტრენინგებს საგადასახადო საკითხების და ბრენდინგის შესახებ. კურსებისა და ტრენინგების გარდა, გასულ წელს გაიმართა მაკროეკონომიკური მიმოხილვის ვებინარიც, რომელსაც ოთარ ნადარაია უძღვებოდა.

NS