ჩხეიძე აღიარებს, რომ სააკაშვილს ინტენსიური თერაპია სჭირდება, მაგრამ უარს ამბობსო - ჯიშკარიანი
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის განცხადებას, ცენტრ "ემპათიის" დირექტორი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ინტენსიური თერაპია სჭირდება.
ჯიშკარიანი წერს, რომ "ვივა მედმა" ნდობის ფაქტორი დაკარგა და იქ, სადაც ადამიანისთვის უსაფრთხო გარემო არ არის, ვერ იქნება მკურნალობა ეფექტური.
"ემპათიის" დირექტორი ასევე რატი ბრეგაძის განცხადებასაც ეხმაურება და სამხარაულის ბიუროს ორღობეთი მოიხსენიებს.
"ვუსმენ ჩხეიძის განცხადებას, აღიარებს, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს ინტენსიური თერაპია სჭირდება, მაგრამ უარს ამბობსო. ასეა მეგობრებო, კლინიკამ ნდობის ფაქტორი დაკარგა, სამედიცინო ეთიკის ნორმების დარღვევის გამო. სწორედ, ეს თქვა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქიატრმა, სასამართლო პროცესზე, იქ, სადაც ადამიანისთვის უსაფრთხო გარემო არ არის, ვერ იქნება მკურნალობა ეფექტური. სადაც იუსტიციის მინისტრი ურცხვად სცრუობს და ორღობე შპს " სამხარაული" ვის დაწერილ გაყალბებულ დოკუმენტს აწერს ხელს, არავინ იცის",- წერს ჯიშკარიანი.
"ვივა მედის" კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მის ოჯახს აკისრებს. კლინიკის კლინიკური დირექტორი მესამე პრეზიდენტის დედას, მოუწოდებს, შვილი დაარწმუნოს, რათა კლინიკის და ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფატალურ შედეგებზე საუბრობს.
ზურაბ ჩხაიძემ ბრიფინგი კლინიკასთან ცოტა ხნის წინ გამართა.