თავდასხმა ივერი მელაშვილსა და მედიაზე - შსს მოძალადე მღვდლების დაკავებას არ ჩქარობს

05.05.21 11:26
თავდასხმა ივერი მელაშვილსა და მედიაზე - შსს მოძალადე მღვდლების დაკავებას არ ჩქარობს

თავდასხმა ივერი მელაშვილსა და ,,მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - შსს-ს მოძალადე მღვდლები იდენტიფიცრებული ჰყავს, თუმცა გომელაურის უწყება მათ დაკავებას არ ჩქარობს. კითხვაზე, რატომ დაიწყო შსს-მ გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით და საქმეში არ ფიგურირებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტორი, შს მინისტრი ამბობს, რომ ის საქმის გამომძიებელი არ არის და სავარაუდოდ, გამომძიებლებმა იმ ფაქტებით იხელმძღვანელეს, რომელიც დავით გარეჯში მოხდა. 

პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე. მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შს მინისტრი. რაც მომახსენეს მე, დავიწყეთ გამოძიებაო, ფაქტიდან გამომდინარე. ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, იქიდან გამომდინარე შეიძლება, 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება, არაფერი დაემატოს, - აცხადებს ვახტანგ გომელაური. 

შს მინისტრი აცხადებს, რომ ყველანაირ ძალადობას გმობს და ყველა დამნაშავე პირი კანონის შესაბამისად დაისჯება. 

გამოძიება დავიწყეთ ჩვენ. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი. მნიშვნელობა არ აქვს, ვისზე, პირველ რიგში, ჟურნალისტებზე, რა თქმა უნდა, და ასევე, მოქალაქეებზე და გამოძიებიდან გამომდინარე, დადგინდება და დაისჯებიან კანონის შესაბამისად, - აცხადებს გომელაური.

ივერი მელაშვილი და ,,მთავარი არხის" ჟურნალისტი საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე იკითხებოდნენ. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირები ადგილობრივები არ იყვნენ და ის მათ არ იცნობს. კარტოგრაფი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. 

დაკითხვაზე დაგვიბარეს, ჩვენებები ჩამოგვართვეს. ვთქვით ის, რაც მოხდა. ეგ სასულიერო პირები და საერთოდ ის ჯგუფი მოქალაქეების, რომელიც ჩამოსული იყო გადაღების დროს მოხვდა კამერაში, მე მათ არ ვიცნობ.  ვიღაცეების დაკრულზე აცეკვებენ ხალხს. ნამდვილად წაქეზებულია, ასეა ნამდვილად. ობიექტური გამოძიების იმედი რომ მქონოდა, მე არ ვიქნებოდი ამ დღეში, - ამბობს ივერი მელაშვილი. 

ხელისუფლების მიერ წახალისუბული ძალადობის მორიგი ფაქტი დავით გარეჯის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ნასვამმა  სასულიერო პირებმა ფიზიკური დაზიანებები  ,,მთავარი არხის" ჟურნალისტებს და  კარტოგრაფს დავით გარეჯის ტერიტორიაზე მიაყენეს.