28 ლარი არაფერში გვყოფნის, ოჯახები გვყავს სარჩენი - ავტობანის გაფიცული პერსონალი

06.05.21 13:41
28 ლარი არაფერში გვყოფნის, ოჯახები გვყავს სარჩენი - ავტობანის  გაფიცული პერსონალი

ეს დღიური ანაზღაურება-28 ლარი, არაფერში გვყოფნის, არ გვაქვს დაზღვევა, ვითხოვთ ანაზღაურების მატებას- ჩინური კომპანია ,,ჰუნანი"-ს მუშები, რომლებიც ხარაგაულის ტერიტორიაზე ავტობანის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, ხელფასის 30%-ით მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მუშები ამ წუთებში მაგისტრალზე არიან შეკრებილები და მოთხოვნის შეუსრულებლობლობის შემთხვევაში გზის გადაკეტვას აპირებენ.

ადმინისტრაცია ითხოვს,  10 გაფიცულის ჩასვლას მოსალაპარაკებლად და ამბობს, იქ მოგვარდება ყველაფერიო. რამდენჯერაც ასე მოხდა, ჩავიდა იქ ჩვენი წარმომადგენელი, არაფერი მოგვარებულა. არც 10 კაცი ჩავა და არც 20, აქ ვიქნებით ყველა, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. იქ იქნება ტყუილი დაპირებები, გადაგდებები, არაფერი შესრულდება. ეს 28 ლარი არაფერში გვყოფნის, ამიტომ ვითხოვთ 30%-იან ზრდას. - აღნიშნავს ერთ-ერთი გაფიცული მუშა.

ჩინური კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველა მუშას ანალოგიური ანაზღაურება ვერ ექნება და საჭიროა ინდივიდუალური მოლაპარაკებები.

კომპანიამ მათ მოთხოვა ერთი კვირის ვადა, რომ პრობლემა მოუგვარონ, მაგრამ არ არიან თანახმა, ყველას ერთნაირი ხელფასი ვერ ექნება, მუშას, შემდუღებელს, ყველასთან ერთნაირი მოლაპარაკება ვერ შედგება- აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი, გიზო კუკავაძე.

ტვ პირველის ინფორმაციით, ხარაგაულის ტერიტორიაზე მდებარე ავტობანზე მუშაობის პროცესი შეფერხებულია, 200-ზე მეტი გაფიცული მუშა აცხადებს, რომ პროტესტს მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.