სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ და სარჩელს სააპელაციო სასამართლოსთვის ამზადებენ. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარჩელის შეტანა ვერ ხერხდება, რადგან მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება უფლებადამცველებს ჯერ არ გადასცემიათ.
საავარაუდოდ ორშაბათს გვექნება დასაბუთებული განჩინება, რომელსაც გავეცნობით, შევისწავლით და სამშაბათ-ოთხშაბათს გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ვნახოთ, რა მოტივებით გვითხრა უარი მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
დღეს სასამართლოს დავუკავშირდი და ვთხოვე, რაც შეიძლება, სწრაფად გადმოგვეცეს გადაწყვეტილება.
ჯერ სტრასბურგზე არ ვიჩქარებდი, ჯერ გავეცნობი ბატონი არევაძის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ შეიკრიბებიან სამართლებრივი ჯგუფი, ადვოკატები და მივიღებთ გადაწყვეტილებას. - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.