“სამართალი აუცილებლად დადგება“ - სერგეი ყანჩელის ადვოკატებმა გამოძიებას ხელახლა მიმართეს
საპროტესტო აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელის საქმეზე ადვოკატებმა საგამოძიებო ორგანოს ხელახლა მიმართეს და არაერთი საგამოძიებო მოქმედების დაუყოვნებლივ ჩატარება მოითხოვეს.
როგორც ადვოკატი გიორგი ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, 9 ოქტომბერს ყანჩელმა მრავალსაათიანი გამოკითხვის ფარგლებში პროკურატურას მის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ადვოკატების ცნობით, ამ დრომდე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
09 ოქტომბერს, მრავალსაათიანი გამოკითხვის ფარგლებში სერგეი ყანჩელმა მის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს. ჩვენი ინფორმაციით საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ ჩაუტარებია კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია დამნაშავე პირთა გამოსავლენად.
გამომდინარე აქედან, ხელახლა მივმართეთ განცხადებით საგამოძიებო ორგანოს, რომლითაც ვითხოვთ:
1. კონკრეტული პირების დაუყოვნებლივ გამოკითხვას.
2. შესაბამისი ფოტოსურათებისა და ვიდეომასალის (მათ შორის დაზიანებების ამსახველი) კანონით დადგენილი წესით მოპოვებას. ადვოკატების თავდაპირველ განცხადებას ერთვის დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათები, თუმცა ეს არ ათავისუფლებს საგამოძიებო ორგანოს კანონით დადგენილი წესით მათი მოპოვების ვალდებულებისგან.
3. ამოიღონ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები.
4. დეტალურად დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია (ნორიოს აღმართი #61) და მოიპოვონ კონკრეტული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.
5. დეტალურად დაათვალიერონ დიდუბე - ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველო და მიმდებარე ტერიტორია. ხსენებული სამმართველო მდებარეობს შემთხვევის ადგილიდან 200-300 მეტრში და დიდი ალბათობით სწორედ ამ სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულებრივ და ამორალურ ქმედებებში. მოიპოვონ არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები.
6. დაადგინონ ზემოხსენებული სამმართველის თანამშრომლების სახელები, გვარები და მოიპოვონ მათი სამსახურებრივი ფოტოსურათები. ასევე, დაადგინონ თუ რომელი თანამშრომლები ასრულებდნენ 2026 წლის 27 სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობას.
7. ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც სერგეი ყანჩელი აუცილებლად ამოიცნობს ყველა დამნაშავე პოლიციელს.
8. პოლიციის ავტომობილებზე არსებული შესაბამისი გადამცემებით დადგინდეს - 2026 წლის 27 სექტემბერს, 15:00-16:00 დროის შუალედში, რომელი ავტომობილები ფიქსირდებოდნენ ნორიოს აღმართი #61 - ის მიმდებარედ.
9. გამოიკითხონ ზემოხსენებული სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილეები.
საქმეზე დამნაშავე პირთა გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია აწაარმოს გამოძიება ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. ამ საქმის "თაროზე შემოდება" განაპირობებს სამომავლოდ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების განმეორებას.
თუკი ვინმე აყენებს ჩრდილს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თუკი ვინმე ცდილობს მის დისკრედიტაციას, ეს არა ადვოკატები ან თავად სერგეი, არამედ პირველ რიგში სწორედ ასეთი "პოლიციელები" არიან.
პ.ს ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს მივმართეთ სახალხო დამცველს აღნიშნული საქმით დაინტერესებისა და ადვოკატებთან და ასევე სერგეი ყანჩელთან შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე არავითარი უკუკავშირი არ მიგვიღია.
სამართალი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება ამ საქმეზე და იქნება იმაზე გაცილებით მძიმე, ვიდრე ეს დღეს ვინმეს წარმოუდგენია,- წერს ჩხეიძე.
ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.