თურქეთში დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს - მიწისძვრის ეპიცენტრში კიდევ ორ ქართველს ეძებენ
თურქეთში დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს. ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში კიდევ ორ ქართველს ეძებენ, თუმცა თურქეთში მყოფი ემიგრანტები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
მათი თქმით, დაკარგულია იმაზე მეტი ქართველი, ვიდრე ეს ოფიციალურად დასტურდება. მიწისძვრის ეპიცენტრში უმძიმესი მდგომარეობაა. სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა სტიქიის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ქალაქების ნანგრევებისგან გაწმენდას და ზუსტი ზარალის დათვლას ჯერ ოფიციალური სტრუქტურები ვერ ახერხებენ.
მიუხედავად იმისა რომ ძლიერი მიწისძვრიდან 80 საათია გასული, ნანგრევებიდან კვლავ ამოყავთ ცოცხალი ადამიანები.
ბოლო მონაცემებით თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 17 ათასს გადააჭარბა და ეს რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. დაშავებულია 63 ათასი ადამიანი. მხოლოდ თურქეთში 7 ათასამდე შენობაა დანგრეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ათიათასობით ადამიანი სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა.
ახლა მთავარი ამოცანა დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაა, ამიტომ მიწასთან გასწორებულ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარება მთელი მსოფლიოდან შედის.
დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.