ჩემი სახლი რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია ალბათ - ბადრი ესებუა
ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. აღნიშნულით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან - „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, - განაცხადა ესებუამ.
თავად ესებუა პროცესს დისტანციურად ჩაერთო, რადგან ის ბათუმის ციხეშია გადაყვანილი.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 30 მარტს ჩაინიშნა.