ბულინგი არ ყოფილა, მოსწავლემ აღიქვა არასწორად - ძალადობაში დადანაშაულებული მასწავლებელი

06.05.21 17:02
ბულინგი არ ყოფილა, მოსწავლემ აღიქვა არასწორად - ძალადობაში დადანაშაულებული მასწავლებელი

სკოლის მოსწავლეების შესაძლო ჩაგვრა ადიგენის საჯარო სკოლაში - ძალადობაში დადანაშაულებული  სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ მას ბავშვზე არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია და მისი სიტყვები მოსწავლემ არასწორად გაიგო. მარეხი ფანჩულიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ბავშვს ბოდიში მაინც მოუხადა.სკოლის პედაგოგის თქმით, ის აპირებს, რომ სამართალდამცავ უწყებას ცილისწამებისთვის მიმართავს. 

ბულინგის შემთხვევა არ ყოფილა, უბრალოდ ბავშვმა აღიქვა ჩემი სიტყვები  არასწორად, მე დავიცავი მეორე მოსწავლე, რომელზეც ის ახდენდა ზეწოლას, მიუხედავად იმისა, რომ მე თავს დამნაშავედ არ ვთვლი, შევედი და კლასის წინაშე ბავშვს მოვუხადე ბოდიში. დირექტორის რეაგირებაც იყო, საყვედური მითხრა. ისეთი ბავშვი არაა, რომ ვინმეს დაეჩაგრა, ისეთი ბავშვია, თავის თავს ყველგან და ყოველთვის დაიცავს. მაგაზე მე ვიწყებ დავას, ერთი ფაქტი დაასახელოს", -  ამბობს მარეხი ფანჩულიძე.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ საქმეზე საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუბარებიათ.

საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაყწებულია და დაველოდოთ. დაბარებული ჯერ არ ვარ - აცხადებს დირექტორი.

არასრულწლოვნის  დედა ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება. 16 წლის მოზარდის დედა სკოლის მასწავლებელს ძალადობასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს. არასრულწლოვანის დედა "პირველებთან" ჰყვება, რომ მასწავლებელი მარეხი ფანჩულიძე მოსწავლეებს ერთმანეთის სამაგალითო დასჯის ბრძანებას აძლევდა.