თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს ერთი მოქალაქის ძებნა გრძელდება
თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - ამის შესახებ გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
თურქეთში საქართველოს ელჩის თქმით, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის:
"დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ეხება ერთ მოქალაქეს, მისი გარდაცვალება ჯერ ბოლომდე არ არის დადასტურებული, მაგრამ იმ ადგილზე, ლოკაციაზე ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები", - განაცხადა ელჩმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, სადაც ისინი ქართველ მაშველებსა და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.