გამამართლებელი განაჩენი პატიმრობის შემდეგ - მოზარდის დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანი უდანაშაულოდ ცნეს
გამამართლებელი განაჩენი ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ. არასრულწლოვანი ბიჭი, რომელსაც გამოძება მოზარდის დაჭრას ედავებოდა, მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაუშვა.
საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტს, რა დროსაც ერთი მათგანი დაიჭრა. ჩხუბში მონაწილე 23 პირიდან კი პროკურატურას მხოლოდ ერთი ჰყავდა დაკავებული, თუმცა მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ იდო. ამის მიუხედავად, შოთაძის უწყება იბრძოდა, რომ სკოლის მოსწავლე მრავალი წლით ციხეში გაეშვა.
არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ ხელი მის შვილს შეაწმინდეს და ნამდვილი დამნაშავე ქვეყნიდნა გააქციეს.
"საქმე თავიდან ისე შეიკერა, რომ დააკავეს, თუმცა დღემდე მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. ხელში არაფერი უჭირავთ. დე ენ ემის კვალი საერთოდ არ ამოსულა ჩემი შვილის. ჩემს შვილს შეაწმინდეს ხელი, დამნაშავე ვინც იყო კი გააქციეს საქართველოდან", - ამბობს არასრულწოვანის დედა.
პროკურატურა მოსამართლის გამამართლებელი განაჩენის სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.