საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ოკუპანტებმა კამერები და სენსორები დააყენეს

07.05.21 12:52
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ოკუპანტებმა კამერები და სენსორები დააყენეს

ოკუპანტებმა სამაჩაბლოში, ე.წ. საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ,  ვიდეოკამერებისა  და სენსორების დააყენება დაიწყეს. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები განმარტავენ, 2015 წლის მარტში კრემლსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას შორის დაიდო ხელშეკრულება, რითაც რუსეთის უშიშროების სამსახურმა აიღო ვალდებულება, საოკუპაციო ზოლი თავად აკონტროლოს. მას შემდეგ, რაც საქართველო არაკეთილსასურველი ქვეყნების სიაში შეიყვანა, რუსებმა აღნიშნული შეთანხმების აღსრულება დაიწყეს.

საზღვრის გასწვრივ ამ ეტაპზე ტექნიკის მონტაჟი მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. შესაძლოა, მომავალში ქართველების დაკავება ოკუპანტებმა უფრო მარტივად შეძლონ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ ფაქტებზე არ რეაგირებს და არგაღიზიანების პოლიტიკას აწარმოებს.

რუსებმა ასეთი მოწყობილობის დაყენება დიდი ხნის წინ დაიწყეს, მაგალითად, ერგნეთის მიმდებარე სოფლები კამერებითაა გაკონტროლებული.  ჩვენ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას და გვიპასუხეს, რომ თუ საქართველო ანალოგიურ ტექნიკას დააყენებს საპასუხოდ, ამით ვაღიარებთ არასებულ საზღვარს - ეს უსუსტესი არგუმენტია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არგაღიზიანების პოლიტიკა არსად წასულა, ეს ხაზი ჩვენი ხელისუფლებისთვის არის უპირატესი. თუ რამე არ შეიცვალა, ამას რუსეთი კარგად გამოიყენებს და თავის უპირატესობას მუდმივ რეჟიმში განავითარებს - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა.

 

 

მსგავსი სიახლეები