"დაყრილები ვართ აეროპორტში" - Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა
ქუთაისის აეროპორტიდან, Wizz Air-ის რეისი ბერლინში 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ფრენა დილის 6 საათზე იყო ჩანიშნული.
მგზავრების ინფორმაციით, დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.
"აი ასე ვართ დაყრილი ქუთაისის აეროპორტში 87 ადამიანი.
საღამოს 22:00 გამოვედით თბილისიდან.
რიკოთის თოვლის გამო დილის 5 სთ ზე ჩამოვედით ქუთაისში.
5:39 - ზე შემოვვარდით აეროპორტში.
ფრენა იყო 6:15 ზე.
აეროპორტმა 3 წუთის დაკეტილია რეგისტრაცია და არ შეგიშვებთო.
ფრენა ისედაც დაგვიანდა. გაფრინდა 7 სთზე.
და მთელი საათი და 20 წთ ს განმავლობაში არავინ აღმოჩნდა პასუხისმგებელი, რომ ეს 87 ადამიანი ამ საათნახევარში დავერეგისტრირებინეთ.
დამატებითი საათნახევარი გაგვატარებინეს პასუხში - მე არ ვიცი, მე ნუ მეკითხებით, მე ვერ გეტყვით.
და თვითმფრინავი წავიდა", - წერს ერთ-ერთი მგზავრი.
მგზავრები ახლა საკუთარი უფლებებისთვის დავას აპირებენ. საინტერესოა რას აპირებს, თავად ავიაკომპანია.
რატომ არ მიეცათ დაგვიანებულ მგზავრებს ბერლინში გაფრენის შესაძლებლობა, ამ საკითხზე Wizz Air-ში კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.