ტრეფიკინგის საქმე და 3 დაკავებული - გაშიფრულია სქემა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები აშშ-ში უკანონოდ გადაჰყვადათ
გაშიფრულია სქემა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ამერიკაში სამუშაოდ უკანონოდ გადაჰყვადათ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის საქმე გახსნა. დაკავებულია 3 პიროვნება.
ირკვევა, რომ სამი დაკავებულიდან ერთმა თბილისში ტურისტული სააგენტო დააფუძნა, იქ მისულ ადამიანებს კი დიდი ფულის სანაცვლოდ დოკუმენტებს უმზადებდნენ და რამდენიმე ქვეყნის გავლით საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატების საზვრამდე მიჰყავდათ. საქმეში დევს ფარული აუდიო ჩანაწერებიც.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ნ. დ. და ნ. ბ. აღნიშნულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია უწყების განცხადებაში.