ვის აფარებს ხელს პროკურატურა ვაკის პარკის საქმეზე? - რას ამბობს ოპოზიცია
ვის აფარებს ხელს პროკურატურა ვაკის პარკის საქმეზე? - ოპოზიცია ეჭვობს, რომ შოთაძის უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ კვალი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებამდე არ მივიდეს.
დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ამბობენ, რომ დედაქალაქის მერსა და "გრინსერვის პლუს" შორის, სავარაუდოდ, გარკვეული შეთანხმება არსებობს. მათი თქმით, კალაძე ახლა, ფაქტობრივად, აღნიშნული კომპანიის დუმილს ყიდულობს.
"გრინსერვის პლუსი" დრემდე აგრძელებს თბილისის მერიის ტენდერებში მონაწილეობას და არათუ მონაწილეობას, ის დღემდე იღებს მილიონობით ლარს თბილისის ბიუჯეტიდან. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს გარკვეული ტიპის გარიგება კვლავ ამ კომპანიასა და თბილისის მერიას შორის სწორედ კომპანიის სიჩუმის მოსაპოვებლად, იმისთვის, რომ მტავარი დანაშაული რაც აქ არის და ეს არის თბილისის მერიის მაღალჩნოსნების მონაწილეობა, რადგან სხვა შემთხვევაში 13 მლნ-იანი ტენდერი და ურთიერთობა დამკვეთსა და კერძო კომპანიას შორის, რომელიც წლებს ითვლის და ათობით მილიონი ლარია დახარჯული, ეს კორუფციული გარიგების გარეშე არ იქნებოდა, - ამბობს გიორგი შარაშიძე.
მერრის მაღალჩინოსნებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაზე საუბრობს ირაკლი ნადირაძეც.
მთელი ეს პერიოდი გამოძიება და პროკურატურა დაკავებულია ერთადერთი რამით, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს და თბილისის მერს კახი კალაძეს და მის მაღალჩინოსნებს აარიდონ პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, კახი კალაძე ამ პასუხისმგბელობას მაინც ვერ ასცდება, იმიტომ, რომ თუ ეს შადრევანი იყო გაუმართავი რაში იყო საჭირო მერიის ამდენი თანამშრომელი და როგორ ვერ შეამჩნიეს, რომ საბუთები ყალბდება, სამუშაოები უხარისხოდ სრულდებოდა, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.