ყალბი დოკუმენტების დამზადება და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციიის ფაქტი - დაკავებულია 5 პირი
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციიის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დაკავებულებიდან ორი კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელია.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის განადგურება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას.
„უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორი, თავისსავე თანამშრომელთან ერთად, აყალბებდა, ფიქტიურად ადგენდა საქონლის განადგურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც, პერიოდულად, სხვადასხვა მოქალაქის მეშვეობით, ახდენდნენ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას.
ქალაქ თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული, 5 241 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200, 220-ე, 220-ე პრიმა და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.