ბადრი ესებუას 20 დღით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ - სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

22.02.23 12:53
ბადრი ესებუას 20 დღით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ - სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

ბადრი ესებუას 20 დღით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანენ, სადაც მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა.

ყველზე ცნობილი დამნაშავის ეტაპირებას ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში პროკურატურამ მოითხოვა. თავად  ესებუა მოთხოვნას არ ეთანხმება. არც დანაშაულს აღიარებს და ალაპარკებას აანონსებს.

ბრალდების მხარემ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს.

„ჩვენ მოცემულ საქმეზე ვითხოვთ ბადრი ესებუას მიმართ ფსიქიატრიული-სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარებას. ჩადენილ დანაშაულის ხასიათის და საზოგადოების საშიშროებიდან გამომდინარე აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დავალებული აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობთ, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით მოთავსებული იქნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, - განაცხადა პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ.

ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.