ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, უკრაინაში წავიდოდა - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა
რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე შვილის საფლავზე მისულმა დედამ დღეს მედიის წამომადგენლებთან განაცხადა, მისი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, აუცილებლად უკრაინაში საომრად წავიდოდა.
რუსუდან ტატუნაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა 5 წლის წინანდელი ტრაგედია და თქვა, რომ მისი შვილის მკვლელი გურწიევი დააწინაურეს.
"ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო. სამშობლოსათვის დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო. მკვლელებიც დაუსჯელები არიან, ვერ მოვესწარით მაგას, ვერც ჩემი მეუღლე მოესწრო და ვერც მე მოვესწრები რომ ამის მკვლელები დაისაჯონ.
დააწინაურეს ის მკვლელი გურწიევი ვინც იყო.
უნდა ეღიარებინა, რომ ვითომ შესულიყო რომ მოეწყო ტერორისტული აქტი და ჩაეშალა პუტინის არჩევნები. უნდა ეღიარებინა ეგ კამერების წინ, მაგრამ რომ არ ითანამშრომლა იმათთან და არ გაურიგდა მეტრს იმიტომ აწამეს." ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი.
ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.
ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან - მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.