"ვივა-მედმა" იცის, რომ სააკაშვილი შესაძლოა, ნებისმიერ წამს მოკვდეს, ამიტომ მტკიცებულებებს იქმნის - ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებზე "ვივამედის" დუმილი ადვოკატებისთვის აღიარებითი ჩვენებაა. შალვა ხაჭაპურიძეს მიაჩნია, რომ კლინიკა პასუხისმგებლობას გაურბის, რადგან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო პარამეტრები საგანგაშო ნიშნულთან ახლოსაა.
საკნადქცეულ პალატაში, სამართლებრივი კონსულტაციების დასრულების შემდეგ შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ამ დრომდე ელოდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან სააკაშვილის პალატაში ყოფნის სრული ჩანაწერის გადაცემას.
"ამდენ ხანს რატომ არ ხდებოდა მსგავსი ტიპის ფორმატში პრესკონფერენციების ჩატარება ჩვენთვის არ განუმარტავთ, მაგრამ მარტივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ხედავენ აშკარად რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი. იგი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს, ამიტომ იქმნიან მტკიცებულებებს და ამბობენ: იცი, რა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, პაციენტი არ გვემორჩილება, რაც არის ტყუილი. მოგეხსენებათ, მოსამართლე არევაძემ გამოსცა განჩინება, რომ ჩვენთვის უნდა გადმოეცათ ვიდეომასალა, თუმცა ჯერჯერობით გადმოგვეცა რამდენიმე თვის მასალა და არ გადმოგვცემია მთელი ერთი წლის მასალა. განსაკუთრებით, სადაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, გულყრის ეპიზოდები.- ამბობს ხაჭაპურიძე.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, ის მომდევნო კვირაში ჩაინიშნება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები კლინიკა "ვივამედში".
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს გულყრის ეპიზოდები, მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა. იგი ყოველდღიურად იკლებს წონაში, რასაც მისი მკურნალი ექიმებიც ადასტურებენ.