ვაკის პარკის შადრევნის საქმე - რა თქვა ლაშა ფურცხვანიძემ დღეს სასამართლოზე და რას ამბობენ სხვა ბრალდებულები
ვაკის პარკის ტრაგედია - მკვლელი შადრევნის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. „გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ",- განაცხადა ფურცხვანიძემ.
მოსამართლის აღნიშნულ კითხვაზე დანარჩენმა ბრალდებულებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, ერთმა, გიორგი ვახტანგაშვილმა კი აღნიშნა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
ფურცხვანიძემ სასამრთლო პროცესზე ასევე მოითხოვა მონტაჟის ინჟინერის ლიანგ მინგჩის დაკითხვა. მისი თქმით, სწორედ მინგჩი აწარმოებდა ერთი თვის განმავლობაში სამუშაობეს ვაკის პარკში.
პროცესზე დღეს დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ მოსამართლეს ბრალდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენები არ გაეზიარებინა და არც მათი შინაარსი გაეჟღერებინა. მოსამართლემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ დღევანდელი სხდომა ამას არც ითვალისწინებდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.