ბავშვმა სხეული თვითონ დაიწვა, ჩემმა შვილმა მხოლოდ სილა გააწნა - ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ბებია
ძალადობის მსხვერპლი 2 წლის ბავშვის საქმე - მოზარდის ბებია დღესაც ამტკიცებს, რომ მცირეწლოვანს სასტიკად დედა გაუსწორდა და არა მამა და მამიდა, როგორც ამას პანკისის ხეობაში ამბობენ.
ამის პარალელურად "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ 30 წლის ქალი ბოლო ორი თვის განმავლობაში იმ საცხოვრებელ სახლში საერთოდ არ იმყოფებოდა, სადაც სავარაუდო ძალადობის ფაქტი მოხდა.
ოპერაციას უკეთებენ, ხელი ჰქონია მოტეხილიო. სილურჯეები ჰქონდა სხეულზე. გარეთ რომ გავუშვი ერთ დღეს ბავშვებთან, შეშა დგას და იქ წაიქცაო, ასე თქვეს ბავშვებმა. იქიდან იქნება ეგ სილურჯეები. ფეჩთან გვერდით რომ იდგა ეგ ბავშვი, სილა გავარტყი, რატომ მოდიხარო, ფეჩთან იდგა და თავის სხეულს ასე უკეთებდა ხოლმე.
ხო, თვითონ მიიყენა დამწვრობები. ჩემმა შვილმა აღიარა სილა დავარტყი ფეჩთან ახლოს, რომ იდგაო და დააკავეს.
რძალმა ორი თვის წინ, რაც გააკეთა ის აქვს მაგ სხეულზე მაგას. რძალი წავიდა სახლიდან, ბავშვი ჩემთან იყო. სანამ წავიდოდა მანამდე ჰქონდა ბავშვს სილურჯეები. ჩემი გოგო არც ძალადობს ბავშვზე, არც არაფერი, ვინ ამბობს, რომ ძალადობდა. ახლა ცილისწამება არ დამიწყონ, მე ფაქტები მაქვს რძლის, რომ სცემდა. სურათები და ვიდეოებიც მაქვს გადაღებული. მისი და-ძმა ჩემთან არიან. სოციალური მუშაკიც არ მოსულა ჩვენთან- აცხადებს მოზარდის ბებია "ტვ პირველისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.
მოზარდზე ძალადობის ბრალდებით კი პოლიციამ ხელბორკილები 2 წლის ბიჭის მამას გუშინ დაადო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. რაც შეეხება მამიდას, უცნობია, დაინტერესდება თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით.
ბებია ახლა პანკისში, მის საცხოვრებელ სახლში იმყოფება და ამ დრომდე მასთან რჩებიან ძალადობის მსხვერპლი მოზარდის კიდევ სამი არასრულწლოვანი და-ძმა.