ნებით თუ იძულებით? - რატომ ჩამოშორდა თეა წულუკიანი გელათის რესტავრაციის პროექტს
მეცნიერებისა და რესტავრატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა გელათის სარესტავარაციო სამუშაოები საპატრიარქოს იძულებით გადააბარა.
რასაკვირველია, შენიღბულია, თავისი ნებით არ დათმობდა, მაგრამ როგორც ჩანს, დაათმობინეს რაღაცის ხარჯზე - ასე აფასებს წულუკიანის გადაწყვეტილებას რესტავრატორი გიორგი გაგოშიძე.
რასაკვირველია, შენიღბულია, თავისი ნებით არ დათმობდა ამ ვითარებას, მაგრამ როგორც ჩანს, დაათმობინეს რაღაცის ხარჯზე. ეს დეტალები ალბათ შემდეგ გამოიკვეთება, მაგრამ თავისი ნებით რომ არ არის გაკეთებული, ეგ აშკარად ჩანს. ისეთი ვითარება შეიქმნა, ველოდი მსგავს გადაწყვეტილებას, რადგან, ფაქტობრივად, მთელი საზოგადოება იყო იმის წინააღმდეგი, რომ თეა წულუკიანი ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული თავისი არასწორი გადაწყვეტილებებით",- ამბობს გიორგი გაგოშიძე.
ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრის წევრის, მაკა ბულიას განცხადებით, დასაკარგი დრო აღარ არის და გელათში არსებული ვითარება ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე საკონსერვაციო სამუშაოებამდე იყო.
ფაქტობრივად, ვიცით, რომ ეს იქნება დიდი, საერთაშორისო თანამშრომლობა, ჩვენი ჩართულობით. დრო არ არის დასაკარგი, ფაქტობრივად, სამი წელი დაიკარგა და ნაცვლად იმისა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო ან დასტაბილურებულიყო მაინც, იცით, რომ ახლა უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საკონსერვაციო სამუშაოებამდე იყო",- ამბობს მაკა ბულია.
ცნობისთვის, გელათის სარესტავარაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, თეა წულუკიანის უწყება კი საკუთარ თავზე ფინანსურ მხარდაჭერას იღებს. ეს გადაწყვეტილება გუშინ სპეციალური კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც უძველეს სამონასტრო კომპლექსში შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე არქიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად მსჯელობდნენ.