სისხლები ზედ ჰქონდა, დავმალე - სასტიკად მოკლული ღუნაშვილის ცოლის სკანდალური აღიარება (ვიდეო)

08.05.21 22:06
სისხლები ზედ ჰქონდა, დავმალე - სასტიკად მოკლული ღუნაშვილის ცოლის სკანდალური აღიარება (ვიდეო)

 

 

 

"დავმალე, შეცდომა დავუშვი" - კასპში სასტიკად მოკლული, ნოდარ ღუნაშვილის ცოლი ქეთი ჩხაიძე ტვ პირველთან მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა. სკანდალური ინტერვიუ ტვ პირველის შაბათის ეთერმა ქეთი ჩხაიძის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა.

28 წლის ქალი მეუღლის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა ჩხაიძე აღიარებს, რომ მკვლელობის შესახებ იცოდა და ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს არ აცნობა.

მკვლელობას მაბრალებენ, მე არ მომიკლავს, არც არაფერი დამიშავებია. ის რომ დავმალე და არ განვაცხადე ჩემი ცხოვრება ახლა ცხოვრება არ არის," - ამბობს ჩხაიძე.

ქეთი ჩხაიძე 13 მარტის მოვლენებს იხსენებს. ამბობს, რომ კასპში, სახლში მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო, როცა მან მეუღლესთან  იჩხუბა.

მოვიდა სახლში, ჰქონდა რაღაცები მიღებული, ურთიერთობაზე უარს ვეუბნებოდი, გაბრაზდა, რომ უარი ვუთხარი სექსუალურ ურთიერთობაზე, თმაში მწვდა და მითრია, რა დროსაც გადავვარდი - ამბობს ჩხაიძე.

ნოდარ ღუნაშვილი ცოლზე ძალადობის ბრალდებით ციხეში რამდენიმე თვის განმავლობაში იჯდა და საპყრობილე საბედისწერო ღამემდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.ღუნაშვილის ცოლი ამბობს, რომ მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო და მისი ციხიდან გამოსვლა იმდენად შეეშინდა, რომ თვითმკვლელობაც სცადა. ჩხაიძე ამბობს, რომ მას მეუღლე შვილის მკვლელობით დაემუქრა.

12 წელი ყველას ეგონა, რომ ბედნიერი ვიყავი იმიტომ რომ არ ვიმჩნევდი არაფერს, ხალხი კი მხედავდა რომ სულ დალურჯებული ვიყავი, მაგრამ ვიძახდი რომ მივარტყი, ყველამ იცის ნათესავებმა იციან ოჯახმა ეხლა ანგელოზი გამოიყვანეს.ვენები გადავიჭერი, მეშინოდა, რომ ციხიდან რომ გამოვიდოდა მომკლავდა. რაღა აზრი ჰქონდა ჩემ ცხოვრებას ამ შიშით, " - ამბობს ჩხაიძე.

ქეთი ჩხაიძე ამტკიცებს, რომ 13 მარტის ღამეს ქმარმა ის სცემა, შემდეგ კი საძილე საშუალებები დალია. ექსპერტიზის დასკვნით ღუნაშვილს თავში სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მისმა მეუღლემ თავის არეში ჭრილობა ნასვამ მდგომარეობაში, სამზარეულოში დაცემის შედეგად მიიღო, თუმცა ექსპერტიზამ სისხლის კვალი ადგილზე ვერ იპოვა.

ჩხაიძე ამბობს, რომ მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ ღუნაშვილის ბავშვობის მეგობარს,ზურაბ კახიშვილს შეტყობინება გაუგზავნა და  სახლში მისვლა სთხოვა. კახიშვილი მათთან სახლში რამდენიმე წუთში მივიდა.ქეთი ჩხაიძის მტკიცებით, ამის შემდეგ ღუნაშვილმა და კახიშვილმა ტერიტორია ერთად დატოვეს. მოკლულის ცოლი ამბობს, რომ რამდენიმე საათის შემდეგ კი სახლში მხოლოდ კახიშვილი დაბრუნდა და ღუნაშვილის მკვლელობის შესახებ აცნობა. ჩხაიძის მტკიცებით, კახიშვილს თან მკვლელობის იარაღი, სისხლიანი დანა ეკავა ხელში.

მოვკალიო, სისხლები ზედ ჰქონდა ჯერ, ამით მოვკალი ნოდოო, რა გჭირს შენ გამო გავაკეთე ესეთ დღეში რომ გაგდებდაო, თავისუფალი ხარ ეხლაო," - ამბობს მოკლულის ცოლი.

ღუნაშვილის ცოლი, ქეთი ჩხაიძე ინტერვიუდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება 28 წლის ქალს ქმრის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ღუნაშვილის ოჯახი  ამტკიცებს, რომ ის ქმრის მკვლელობაში თავადაც მონაწილეობდა.