გალიფ ოზთურქს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

27.02.23 12:51
გალიფ ოზთურქს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საქმეზე განაჩენი ცნობილია - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ თურქი ბიზნესმენი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და  8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ოზთურქი, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ესწრებოდა, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

გალიფ ოზთურქი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების" მეგობარი ბიზნესმენი იყო და  ხელისუფლების სხვადასხვა ფონდში საჩუქრად დიდ ფულს რიცხავდა.

თუმცა ბოლო პერიოდში მმართველ გუნდს დაუპირისპირდა, როცა მისი და ყოფილი ჩინოვნიკის, დიმიტრი ქუმსიშვილის გზები გაიყარა. 

გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს.  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვას ედავებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს,  7 გრამზე მეტი  კოკაინი ამოიღეს.

თურქ ბიზნესმენს მოგვიანებით ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინეს. 

მსგავსი სიახლეები