უვლიან მოხუცებს, მუშაობენ ტრაილერის მძღოლად, სძინავთ ქუჩაში - მღვდლები ქვეყნიდან მასობრივად გარბიან

04.03.23 22:20
უვლიან მოხუცებს, მუშაობენ ტრაილერის მძღოლად, სძინავთ ქუჩაში - მღვდლები ქვეყნიდან მასობრივად გარბიან

ამერიკის საემიგრაციო ციხეები ქართველი მღვდლებით გაივსო - სასულიერო პირები ქვეყნიდან მასობრივად გარბიან და თავშესაფარს შტატებში ეძებენ.

მღვდელი, რომელიც "შაბათის ეთერთან" შოკისმომგვრელ ამბებს ყვება, ამერიკაში თავადაც არალეგალური გზით შევიდა. ახლა ის მოხუცს უვლის და პარალელურად, ცდილობს თავშესაფრის მოთხოვნა დაუკმაყოფილონ. ამბობს, რომ გაჭირვებული მღვდლები ათასობით დოლარს ვალს იღებენ, რომ გადამყვანს გადაუხადონ და ამერიკელ მესაზღვრეებს ჩაბარდნენ.

ამერიკაში ჩასულ სასულიერო პირებს ადგილზე უმძიმესი რეალობა ხვდებათ. გაჭირდა სამსახურის შოვნა, არ აქვთ ბინის ქირის გადასახდელი ფული, ამიტომ ზოგ მათგანს უბრალოდ ქუჩაში სძინავს. ვისაც უმართლებს, მუშაობას მოხუცის მომვლელად იწყებს და საცხოვრებლადაც იქ რჩება.

ემიგრაციაში წასულ სასულიერო პირებს მანჰეტენზე პრაქტიკულად ყველა ნაბიჯზე შეხვდებით. მსოფლიო მეგაპოლიში ისინი ყველანაირ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ. ვისაც სტაბილური სამსახური არ აქვს, პერიოდულად ტაქსაობს, მიმტანად ან მშენებლობაზე დასაქმდა.


ამერიკის საზღვარზე ემიგრანტი მღვდლების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ საპატრიარქომ განგაშის სიგნალი ჩართო. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარმა საბა ინწკირველმა ამერიკაში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ წერილის ასლები დაუგზავნა.


გაჭირვებას გაქცეული მღვდლების საოცნებო საქმე ტრაილერის მძღოლობაა, თუმცა ამ სამსახურს ყველა ვერ შოულობს. ამიტომ მათ მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება უწევთ. მუშაობენ დღე და ღამე, რომ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს პურის ფული გამოუგზავნონ.

შაბათის ეთერმა 10-მდე ემიგრანტი სასულიერო პირისგან მოისმინა მათი ახალი რეალობის და არალეგალურ ემიგრაციაში წასვლის ისტორიები. თუმცა, მათი ვინაობის გასაჯაროებით, შესაძლოა, თავშესაფრის მაძიებელ მღვდლებს საემიგრაციო სამსახურთან პრობლემები შეექმნათ. ამიტომ, მათ ვინაობას არ ვასაჯაროებთ. პირად საუბრებში კი ყვებიან, რომ უცხო ქვეყანაში წვალებით ჩასული მღვდლები, ჯოჯოხეთურ გზას გადიან.

ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ქართველი მღვდლების ნაკადი მიაწყდა ევროპის ქვეყნებსაც. გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და საბერძნეთი ყველაზე პოპულარული მიმართულებებია. ბევრი ისრაელშიც მიდის.

მღვდლები საქართველოდან გარბიან - ვრცლად ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში

 

 

მსგავსი სიახლეები