ფერმერები იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვას 25%-იანი შეღავათით შეძლებენ - საქართველოს მთავრობა

10.05.21 14:33
ფერმერები იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვას 25%-იანი შეღავათით შეძლებენ - საქართველოს მთავრობა

ფერმერები, რომლებსაც  მცირე ზომის მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ - ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით  მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა. 
დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ ფერმერებს, რომელთაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ. 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას.  აღნიშნული ნაბიჯი 2 ათას ფერმერს შეეხება, ვისაც შედარებით მცირე ზომის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერის ახალი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებაც იმსჯელეს, რომელიც ურბანული განვითარების ახალ პროექტს შეეხება. 

საქართველოს მთავრობა ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში 500 მილიონი ლარის ურბანულ პროექტს იწყებს.