საჭირო ინფორმაცია: რას ვაკეთებთ, თუ აქციაზე ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს

08.03.23 15:19
საჭირო ინფორმაცია: რას ვაკეთებთ, თუ აქციაზე ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს

საჭირო ინფორმაცია - რას ვაკეთებთ, თუ ქციაზე ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს? -პირველადი დახმარების ცენტრის ცნობით, მთავარია მოქალაქეები არ აჰყვნენ პანიკას. ასევე მნიშვნელოვანია, თავდაცვის მიზნით გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე, უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.

ცენტრი ამბობს, რომ რეპროდუქციული განათლების ჰაბი კი დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრზე (CDC) დაყრდნობით აცხადებს, რომ ცრემლმდენი გაზები თვალთან, კანთან, ცხვირთან კონტაქტის შემდეგ წამების განმავლობაში იწყებენ მოქმედებას. ცრემლმდენი ნივთიერებების გაშვების ზონის დატოვების შემდეგ მათი ეფექტი, ჩვეულებრივ 15-30 წუთი ხანგრძლივდება.

გაზით მოწამვლის შემდეგ, შესაძლოა, დაუყოვნებლივ გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

ცრემლდენა, თვალების წვა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, სიწითლე.
ცხვირიდან გამონადენი, წვა და შეშუპება.
პირის ღრუს წვა, გაღიზიანება, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვდენა.
გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება, ხველა, მოხრჩობის შეგრძნება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი.
კანის დამწვრობა, გამონაყარი.
გულისრევა, ღებინება.
პირველადი დახმარების ცენტრის რჩევები სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:

დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;
თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება ''ჩარეცხოს'' თვალებში);
არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;
თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;
მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 - 15 წთ-ს განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;
არ დაიზილოთ დაზიანებული არე;
სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
პირველადი დახმარების ცენტრი ასევე აზიარებს რჩევებს იმ შემთხვევაში თუ აქციაზე ხალხმრავლობაში, "ჭყლეტაში" მოყევით.

  1. 1) ობზერვაცია - დაათვალიერეთ თქვენ გარშემო არეალი 360 გრადუსით, იყავით ყურადღებით და მაქსიმალურად მშვიდად, დააკვირდით სად არის უფრო დიდი სიმჭიდროვე და სად ნაკლები, დაგეგმეთ როგორ შეიძლება მოხვდეთ იქ და ეცადეთ იმოძრაოთ ნაკლები სიმჭიდროვისკენ;
  2. 2) დატოვეთ ადგილი რაც შეიძლება სწრაფად - არ აქვს მნიშვნელობა საით მიდიხართ, მთავარია გაეცალოთ ადგილს მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ დისკომფორტს, თუნდაც დანიშნულების ადგილის საპირისპიროდ მოგიწიოთ წასვლამ;
  3. 3) სუნთქვა - ჟანგბადი ''ჭყლეტაშიც'' და მის გარეშეც თქვენი საუკეთესო მეგობარია, ''ჭყლეტაში'' გარდაცვალების შემთხვევები ხშირად სუნთქვის პრობლემების გამო ხდება, ამიტომ ნუ ილაპარაკებთ ბევრს და ხმამაღლა თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, კონცენტრირდით სუნთქვაზე და ისუნთქეთ მაქსიმალურად მშვიდად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება;
  4. 4) ''ბოქსიორის პოზიცია'' - თუ შეამჩნევთ, რომ სიმჭიდროვე იზრდება, ხელები მოხარეთ იდაყვებში და მიიდეთ გულმკერდზე, ამით თქვენ დაიცავთ გულმკერდს მოჭყლეტვისგან და უკეთ შეძლებთ გაითავისუფლოთ რამდენიმე სანტიმეტრი უკეთესი სუნთქვისთვის;
  5. 5) მიჰყევით ''დინებას'' - პანიკის დროს, როგორც წესი, ხალხის დინება უფრო საშიშია, ვიდრე ის, რამაც გამოიწვია ეს პანიკა. როდესაც ერთი მხრიდან გვაწვებიან, შესაძლოა ჩვენც დავიწყოთ პირიქით გაძალიანება და მიწოლა, სიბრაზით ან ბუნებრივი რეფლექსის გამო, თუმცა ეს არ არის მაინცდამაინც კარგი იდეა. დინების შეჩერება თითქმის შეუძლებელია და ძვირფასი ენერგიის დაკარგვას უწყობს ხელს, ამიტომ, თუ ატყობთ, რომ ხალხის ''დინებაში'' მოხვდით, მიჰყევით დინებას და ეცადეთ გაძვრეთ ნაკლები სიმჭიდროვისკენ;
  6. 6) მოერიდეთ ბარიერებს - ეცადეთ არ მოხვდეთ კედელთან ან ბარიკადებთან ახლოს, რომ ''დინების'' და კედელს შორის არ აღმოჩნდეთ, რაც სერიოზული დაზიანების მომტანი შეიძლება იყოს;
  7. 7) სიმჭიდროვის შეფასება - მიაქციეთ ყურადღება სიმჭიდროვის შეფასებას. თუ ხალხმრავლობაში ფიზიკური შეხება არ გიწევთ ადამიანებთან, სავარაუდო სიმჭიდროვე 3 ადამიანზე ნაკლებია კვადრატულ მეტრზე, რაც არ წარმოადგენს საფრთხეს;
  8. თუ ხალხმრავლობაში ერთ ან ორ ადამიანთან გიწევთ თქვენდაუნებურად ფიზიკური შეხება, სავარაუდო სიმჭიდროვე შეიძლება იყოს 4-5 ადამიანი კვადრატულ მეტრზე, რაც გადაუდებელ საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა ამ დროს უკვე ჯობს დაიწყოთ ფიქრი უფრო თავისუფალი ადგილის ძებნაზე;
  9. თუ ხალხმრავლობისას ხელების თავისუფლად მოძრაობა გიჭირთ და საკუთარ სახეს თავისუფალი მოძრაობით ვერ ეხებით, ამ შემთხვევაში ჭყლეტის საშიშროება უკვე მაღალია.
  10. 8) დაეხმარეთ სხვას - ეცადეთ გაითვალისწინოთ სხვებიც და დაეხმაროთ მათ, ხალხის ჯგუფს, რომელიც ერთმანეთზე ზრუნავს, უფრო მეტი გადარჩენის შანსი აქვს, ვიდრე ინდივიდუალურ გადარჩენაზე ორიენტირებულ ქაოსს;
  11. 9) იდექით ფეხზე - ფეხზე დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ვერტიკალური პოზიცია, თუმცა, თუ მაინც წაიქეცით და ვერ დგებით, ეცადეთ დაწვეთ გვერდულად, მოკეცოთ მუხლები და მიიდოთ მუცელზე, ხელები კი  აიფაროთ თავზე (''ახალშობილის პოზიცია'') რათა დაიცვათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები.

7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შსს-მ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად ათობით მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები