"ჯარი არავისთვის უნდა იყოს სავალდებულო" - 5 საათზე დაგეგმილ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

11.03.23 15:33
"ჯარი არავისთვის უნდა იყოს სავალდებულო" - 5 საათზე დაგეგმილ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

პარლამენტთან სცენა უკვე მოწყობილია, დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებლები - 5 საათზე დაგეგმილ აქციას ახალგაზრდები უერთდებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, აუცილებელია, ჯარში წასვლა ყველასთვის ნებაყოფლბითი გახდეს.

ერთ-ერთი სტუდენტი აცხადებს, რომ ჯარი სავალდებულო არ უნდა იყოს, რადგან ეს არის ადამიანის უფლებების შეზღუდვა.

ხელისუფლება ერთგვარად მიმწყვდეულია ხალხის მიერ და უკვე ეშინიათ. სტუდენტებისთვის შემსუბუქება ჩემი აზრით, პატარა ნაბიჯია. აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც არ არიან სტუდენტები, მაგრამ თავიანთი სურვილისამებრ არ სურთ, რომ წავიდნენ ჯარში იმიტომ, რომ ჰყავთ ოჯახი, აქვთ სხვა საქმეები, მიზნები და ჩემი აზრით და ზოგადად ახალგაზრდების აზრით, არ უნდა იყოს სავალდებულო ჯარი, რადგან ეს არის ადამიანის უფლებების შეზღუდვა,"- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ცნობისთვის, დღეს, ხუთ საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს უკან გადადგმულმა ნაბიჯმა და სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აქციის გამართვას ხელი ვერ შეუშალა, რადგან გაუგებარია რა ბედი ეწევათ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სტუდენტის სტატუსი და არ სურთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა.