საჯარო უწყებების დამალული ინფორმაცია - IDFI-ს კვლევაში შიდა ქართლის, ხაშურისა და კასპის მერიები მოხვდნენ

18.03.23 11:59
საჯარო უწყებების დამალული ინფორმაცია - IDFI-ს კვლევაში შიდა ქართლის, ხაშურისა და კასპის მერიები მოხვდნენ

სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.  

IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ 2022 წელს სრულყოფილად გაცემული პასუხების მაჩვენებელი 33%-ია. 2022 წლის ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებების ჩამონათვალში მოხვდა შიდა ქართლის, ასევე ხაშურისა და კასპის მერიები.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, იმ ფონზე როცა ხელისუფლება რუსულ კანონს გამჭვირვალობის საბაბით იღებდა, თავად არღვევენ საჯარო უწყებების გამჭვირვალობის პრინციპებს და მალავენ საჯარო ინფორმაციას.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ამბობს, ხელისუფლების მხრიდან კანონდარღვევაა საჯარო ინფორმაციის მედიისგან დამალვა, მაშინ როდესაც თავად ითხოვდნენ ,,აგენტების კანონის" შემოღებასა და საზოგადოების იზოლირებას.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავზე გვახვევდა კანონს ,,აგენტების შესახებ", რითაც ცდილობდა საზოგადოების იზოლირებას ევროკავშირისგან და დასავლური ქვეყნებისგან და გვითრევდა რუსეთში, ამ დროს თავად არღვევს კანონს, თავად არ არიან გამჭვირვალეები, თავად ცდილობენ დამალონ ინფორმაცია და მედიას არ მიაწოდონ ის საჯარო ინფორმაცია, რაც მათ ეკუთვნით, რასაც ითხოვენ საჯარო უწყებებისგან,  ეს კანონდარღვევაა," - ამბობს თეონა ფანქველაშვილი.

ცნობისთვის, გორის მერიას, შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო "მოზაიკამ" სასამართლო დავაც მოუგო საჯარო ინფორმაციას არგაცემასა და დამალვასთან დაკავშირებით.