პანკისელ ქალს ქმართან შეხვედრის უფლება არ მისცეს და შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტიდან საფრანგეთში გააბრუნეს
პანკისელი ქალი, ლეილა ქავთაროვა დღეს დილით ორ წლამდე ასაკის შვილთან ერთად საქართველოდან საფრანგეთში გააბრუნეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მისი ქმარი, ბექა ტოხოსაშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ამბობს, რომ არ უთხრეს მიზეზი, რატომ არ უშვებდნენ მის ცოლსა და შვილს.
"ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა იყო. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. არავინ მითხრა მიზეზი, რატომ არ შემომიშვეს ქვეყანაში", - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ლეილა ქავთაროვამ.
23 წლის ლეილა ქავთაროვა ქუთაისის აეროპორტში 14 მარტს ჩამოფრინდა, მას ქმართან, ბექა ტოხოსაშვილთან შეხვედრა სურდა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ქავთაროვა 4 დღის განმავლობაში ქვეყანაში არ შემოუშვეს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქავთაროვას შეყოვნების გამო, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.