ქალზე ძალადობის საქმე - აჩიკოს მეფარიძე სასამართლოზე ისევ არ მივიდა
ძალადობაში ბრალდებული ცნობილი მომღერალი თბილისის საქალაქო სასამართლოში ისევ არ მივიდა. შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონცერტების გამო, დატვირთული გრაფიკი აქვს და სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს.
ამ მიზეზით მოსამართლემ სხდომა გადადო.
სასამართლო დარბაზში იმყოფემა ლელა ჯუღელი, რომელიც ძალადობაში ბრალდებული მომღერალის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.
გამოძიების ინფორმაციით, ქართული ესტრადის ვარსკვლავმა ვაკეში მანქანის გადასწრების გამო ახალგაზრდა ქალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
წინა სასამართლო პროცესზე ჯუღელი ამტკიცებდა, რომ გაჩუმების სანაცვლოდ მეფარიძემ მას წყნეთში მიწის ნაკვეთი შესთავაზა.
გამოძიებას მომღერლის წინააღმდეგ აქვს ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად მეფარიძე მანქანაში მყოფ ქალს. პარკირების გამო დაწყებული დაპირისპირება ბრალდებულ მომღერალს შესაძლოა პატიმრობად ან გამოსასწორებელ სამუშაოდ დაუჯდეს.