ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსტა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს, რომლითაც თითქოსდა განახორციელეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია, უკანონოდ შეიქმნეს 998 389 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც შემდგომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარის დაბრუნებას შეეცადნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც თითქოსდა განახორციელეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია, რა გზითაც, უკანონოდ შეიქმნეს 998 389 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც შემდგომ შეეცადნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარის დაბრუნებას.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, გაუქმებულ იქნა უსაფუძვლოდ შექმნილი დღგ-ს ყალბი აქტივი 998 389 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.