ვხედავ როგორ ქრება ჩემი შვილი - გიული ალასანია
"დასკვნა მწვავეა, თუმცა ობიექტური" - ასე ეხმიანება კონსილიუმის ექიმების დასკვნას მიხეილ სააკაშვილის დედა.
გიული ალასანია ვარაუდობს, რომ დღეს გამოქვეყნებული უმძიმესი დასკვნის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოაკტები სტრაზბურგის სასამართლოს მიმართავენ.
კონსილიუმის დასკვნა მწვავეა, თუმცა ობიექტური. ფაქტობრივად ის არის რასაც მე ყოველდღე ვხედავ და ვაკვირდები. პირადად მე მქონდა ამის მოლოდინი, რადგან ვხედავ რა მდგომარეობაშია ჩემი შვილი. მგონია, რომ ჩემი შვილი და ადვოკატები საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოს. შემდგომი ინსტანცია ალბათ სწორედ სტრასბურგია. აბა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რასა ველოდო? მე მეჩქარება, ვხედავ, როგორ ქრება ჩემი შვილი"- ამბობს ალასანია.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა კვირას, 2 აპრილს, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შედეგები გამოაქვეყნა.
სააკაშვილს კახექსიის მძიმე, მეოთხე სტადია, კუნთების განლევა ანუ სარკოპენია აქვს. დასკვნის თანახმად, მდგომარეობას ართულებს წნევის კრიტიკული ვარდნაც, რაც კოორდინაციის მოშლას იწვევს.