"თურმე ეუბნებოდა, მოვკლავ დედაშენსო" - რას ამბობს მამინაცვლის მიერ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის დედა
სავარაუდო სექსუალური ძალადობის ორი ფაქტი კახეთში - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ერთ შემთხვევაში, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ 14 წლის გოგონას შეყვარებულმა აცნობა.
მოზარდის დედა "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში მისი მეუღლის მხრიდან მსგავსი საეჭვო გარემოება არ შეუნიშნავს და გაოგნებულია, თუ რატომ არ უამბო შვილმა საზარელი ფაქტის შესახებ. თუმცა, მოზარდმა დედას განუმარტა, რომ მამინაცვალი მას დედის მკვლელობით ემუქრებოდა და სწორედ ამის გამო, ის თვეების განმავლობაში მალავდა ამ ფაქტს.
"დააკავეს და გასარკვევია, ჩემი შვილის შეყვარებულმა აცნობა პოლიციას. მე იმიტომ არ მითხრა, თურმე ეუბნებოდა მოვკლავ დედაშენსო და ობოლი არ მინდა დავრჩენილიყავიო. მეუღლე მეუბნება, გამოიტანე საჩივარი, არაფერი არ ჩამიდენიაო. მართლა არაფერი არ შემიმჩნებია. ჩემს შვილს ექსპერტიზა ჩაუტრდა, ფსიქოლოგიც ესაუბრა. სკოლაშიც ვერ დადის ბავშვი". - ამბობს მოზარდის დედა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდის დედას ძალიან უჭირდა, მას ორი შვილი გაშვილებული ჰყავდა, ორი წლის წინ კი შვილები ქმართან მიიყვანა და სწორედ მამინაცვალი ზრდიდა გერებს.
რაც შეეხება მეორე ფაქტს , 15 წლის მოზარდის სკოლის დირექტორი "პირველებთან" ყვება, რომ გოგონა გაკვეთილებს ხშირად აცდენდა და როდესაც მოზარდი სკოლაში დაბრუნდა, მას საეჭვო გარემოებები შენიშნეს, რის შემდეგ სამართალდამცველებს აცნობეს.
"ეჭვის დონეზე იყო ინფორმაცია, ხშირად აცდენდა სკოლას, ხშირად ავადმყოფობდა, ეს იწვევდა ეჭვევს. დაუზუსტებელი საუბრები იყო, რის გამოც გაგვიჩნდა ეჭვი ძალადობის შესახებ და მივმართეთ სამართალდამცველებს" - ამბობენ სკოლაში.
სოფლის მკვიდრების თქმით კი, გოგონა მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი სისტემატურად იყო, ეს სავარაუდოდ, იცოდნენ ოჯახშიც, დედამ და დებმაც, თუმცა ისინი დუმილს ამჯობინებდნენ, ადგილობრივებმა ამ საზარელი ფაქტის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც გოგონამ თავად უამბო სამართალდამცველებს, რომ მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა.
ორივე შემთხვევაში, ორივე მამაკაცი, მამინაცვალიც და მამაც, რომლებსაც უმძიმესი დანაშაული, გერზე და შვილზე ძალადობა ედებათ ბრალად, ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ უკვე იმსჯელა მათი აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე. არცერთი მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.