აწარმოეთ მოლაპარაკაბები საოკუპაციო რეჟიმთან - ომბუდსმენის ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

07.04.23 15:25
აწარმოეთ მოლაპარაკაბები საოკუპაციო რეჟიმთან - ომბუდსმენის ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

 სახალხო დამცველი  ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის ფაქტს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ომბუდსმენის მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს.

ლევან იოსელიანის აპარატი მოუწოდებს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საოკუპაციო რეჟიმთან აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები აწარმოოს. 

საყურადღებოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური  შეზღუდვები უმეტესად, დღესასწაულებს ემთხვევა. ე.წ. გამშვები პუნქტების, რომლებიც ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან, ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი,  მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან  დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

 ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს  ხელისუფლებას - საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება. კერძოდ, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.