„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე 1 500 ლარის ჯარიმა წესდება
„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება - ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება.
დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
„ჭიაკოკონობის“ რიტუალი აღდგომის წინა ოთხშაბათს იმართება ხოლმე. ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების – ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში". - წერია განცხადებაში.