6 100 დოლარის ყალბი კუპიურების გასაღება - დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე
ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი - დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა - ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ-მ, 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.