"იარაღს ბავშვებსაც უმიზნებდნენ" - მარნეულში ამბობენ, რომ პოლიციამ სპეცოპერაცია შეცდომით სხვა სახლებში ჩაატარა

13.04.23 13:18
"იარაღს ბავშვებსაც უმიზნებდნენ" - მარნეულში ამბობენ, რომ პოლიციამ სპეცოპერაცია შეცდომით სხვა სახლებში ჩაატარა

პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდები ბრალს არ აღიარებენ. მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ სამ ახალგაზრდებთან გამომძიებლები სავარაუდოდ, საღამოს შევლენ და ბრალის დადგენილებას ოფიციალურად გააცნობენ.

ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებული სამი ბიჭის გათავისუფლებას ითხოვს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ პოლიციამ ადევნება ახალგაზრდებს კანონ დარღვევით მოუწყო: 

„ისეთი სისწრაფით მოსდევდა პოლიცია ციმციმების გარეშე ბავშვებს, მიკვირს, როგორ გადარჩნენ. მე თავად ვარ მომსწრე, აქ ვიყავი, იმ ბავშვებს რამე რომ მოსვლოდა ვინ აგებდა პასუხს?!  თან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ალბათ, დაბალი ღობე გვნახეს, სულ ასე ცდილობს პოლიცია, რომ დაგვაჯარიმოს ჩამოგვართვას მართვის მოწმებები, არ ვიცი რატომ გვერჩიან ასე.“- აღნიშნავს ერთ-ერთი მოქალაქე. 

სოფელ დაშტაფაში აცხადებენ იმასაც, რომ სამი ახალგაზრდა კაცის  გაქცევის შემდეგ პოლიციამ დაკავების სპეცოპერაცია შეცდომით სხვა სახლებში ჩაატარეს.

ღამე იყო უკვე ვიწექით, როდესაც 30-მდე პოლიციელი ავტომატებით ხელში შემოგვივარდა სახლში. გვიმიზნებდნენ იარაღს, რაღაცას ყვიროდნენ, თუმცა ვერ გავიგე რას, პატარა ბავშვები გვყავდა და მათაც უმიზნებდნენ, ნაწილი სახლს ჩხრეკდა, რას ეძებდნენ იმასაც არ გვეუბნებოდნენ, ძალიან შეგვეშინდა. ბოლოს, გავიდნენ და დავინახეთ, რომ შეამტვრიეს მეზობლის სახლი - შევიდნენ და პატარა ბიჭი დააკავეს, როგორც ჩანს, სახლი აერიათ, მაგრამ ასე როგორ შეიძლება შემოვარდნა.“ - უთხრა "ტვ პირველს" ადგილობრივმა. 

მარნეულში ამბობენ, რომ "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელიც ადევნების შემდეგ ხევში გადავარდა, პოლიცია ციმციმების გარეშე მისდევდა: 

„გუშინ სოფელში ავარია მოხდა. პატარა ბიჭებს პატრული ციმციმას გარეშე მოსდევდა. აქაური პოლიცია სულ ასე თავხედურად გვექცევა, სრული განუკითხაობაა. ბევრი შემთხვევები ხდება, როდესაც უმიზეზოდ გვაჩერებენ და გვჩხრეკენ.“ - ამბობს თვითმხილველი. 

ფოტო: aktual.ge