სასტიკი დანაშაული ბაღდათში - როგორია ქუჩური გარჩევისას დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა
ბაღდათში ქუჩური გარჩევის დროს დაჭრილი 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით პაციენტს სამედიცინო დახმარება გუშინვე ჩაუტარეს და ის უკვე ბინაზე გაეწერა.
„სასწრაფო დახმარების მიერ, ღამის 00:10-ზე შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებით ჩაუტარდა ქირურგიული პირველადი დახმარება და ერთ საათში პაციენტი გაეწერა" - ამბობს ექიმი.
ბაღდათში დაკავებული 60 წლის კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ეჭვმიტანილს პოლიცია ერთი ადამიანის მკვლელობასა და ერთი ადამიანის მკვლელობის მცდელობას ედავება. მკვლელობით დასრულებულ დაპირისპირებას წინ საქმის გარჩევა და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ე.წ. ქუჩური გარჩევა გასესხებული თანხის გამო მოხდა. ხანში შესულმა კაცმა, რომელიც ფულის დაბრუნებას ითხოვდა, მასთან საქმის გასარჩევად მისულ მამაკაცებს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.