ვცდილობთ, სწრაფად მოხდეს სუდანში ჩარჩენილი ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია - "ჯეო-სქაის" დამფუძნებელი

17.04.23 17:05
ვცდილობთ, სწრაფად მოხდეს სუდანში ჩარჩენილი ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია - "ჯეო-სქაის" დამფუძნებელი

ავიაკომპანია "ჯეო-სქაის" ოც თანამშრომელს ვერავინ ეუბნება, როდის გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი და შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას.

კომპანიის დამფუძნებელი "პირველებთან" ამბობს, რომ ცდილობენ, თანამშრომლების ევაკუაცია ცხელი წერტილიდან მალე მოხდეს.

ჩემი ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით აქვთ წყალი და საკვები. ვერ გეტყვით, რამდენი ხანი ეყოფათ. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მათი ევაკუაცია, შესაძლებელია დღესაც კი. ინტერნეტი აქვთ, ტელეფონი აქვთ, დენი აქვთ, გენერატორიც დგას, სადაც ცხოვრობენ, აქვთ ასევე ოჯახის წევრებთან კონტაქტი მუდმივად. იმყოფებიან სახლში, ერიდებიან ფანჯარასთან მისვლას და აივანზე გასვლას, დიდს ვერაფერს ვერ ხედავენ, უბრალოდ ესმით, რომ მუდმივად არის სროლები. ერთი თვეც არ არის, რაც სუდანში დავიწყეთ საქმიანობა. პირადად გახლდით სუდანში ჩასული და არანაირი წინაპირობა არ არსებოდა იმის, რომ რაიმე კონფლიქტი შეიძლება დაწყებულიყო". - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც წლების წინ სამოქალაქო ომს გამოექცნენ და ცხოვრობენ საქართველოში, პანიკაში არიან და ამბობენ, რომ ვერ გადიან ოჯახის წევრებთან კავშირზე, რომელბიც ამ დრომდე სუდანში ცხოვრობენ, ინფორმაცია კი, რაც სუდანიდან ვრცელდება, არის ძალიან საშიში.