არ იღებენ დაპირებულ ანაზღაურებას, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია - პროფკავშირი გერმანიაში დასაქმებულებზე

19.05.21 12:40
არ იღებენ დაპირებულ ანაზღაურებას, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია  - პროფკავშირი გერმანიაში დასაქმებულებზე

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ჯანდაცვის მინისტრს, ეკა ტიკარაძესა და გერმანიის ელჩს  მიმართავს, გერმანიაში დასაქმებული ქართველების მდგომარეობით დაინტერესდეს. პროფკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სასოფლო სამეურნეო პროგრამაში დასაქმებული ქართველები არც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ და მათი საცხოვრებელი პირობებიც გაუსაძლისია.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შეისწავლოს საკითხი და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ შრომის სამინსტროსთან არსებული დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მათი გერმანიაში გამგზავრების ორგანიზატორი. არსებულ ვითარებას უნდა გაეცნოს საქართველოს შრომის ინპექციაც, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება. პროფკავშირების გაერთიანება თავის მხრივ მიღებულ ინფორმაციას რეაგირებისთვის პარტნიორ გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას მიაწვდის“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები 3 თვით, ლეგალურად დასაქმდნენ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილს დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, ქართველებმა საათში 9 ევრო უნდა მიიღონ.