პროკურატურამ გლდანში დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

19.05.21 16:28
პროკურატურამ გლდანში დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულს  პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. გამოძიების თანახმად, 17 მაისს გლდანში ბრალდებულმა, ყოველგვარი მოტივის გარეშე, ახალგაზრდა ბიჭს დანით განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაზე სასამართლოს მიმართა. ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ გლდანში,  21 წლის გიგი თოლორაია 18 მაისს დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება და  მკურნალობს. ახალგაზრდას თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის ქუჩაში  მარტო გადაადგილდებოდა.