ბიძინა ივანიშვილს ფულს ისევ არ აძლევენ

29.05.23 15:00
ბიძინა ივანიშვილს ფულს ისევ არ აძლევენ

ბიძინა ივანიშვილს მოგებული დავის მოუხედავად, შვეიცარული ბანკი ფულს ისევ არ აძლევს. ოლიგარქის ახალი ადვოკატები  განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ეს უკვე იუმორის ჟანრიდან არის. მათი მტკიცებით, ივანიშვილის დიდი ფული,  მილიარდ ნახევარ დოლარზე მეტი, რომლის მიღების იმედი ჰქონდათ,  უკვალოდაა გამქრალი.

იურისტების ინფორმაციით, შვეიცარულმა ბანკმა  ახალი მიზეზები გამოიგონა, რომ ივანიშვილს ფულზე წვდომა არ ჰქონდეს. ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბანკიც კი შეიცვალა, თუმცა ანგარიშებზე წვდომა მაინც ვერ მოიპოვა. 

წარმოგიდგენთ ინფორმაციას Credit Suisse-ის უკანონო და, როგორც ერთხელ უკვე ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან და აქტივებთან დაკავშირებით.

როგორც დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ბანკის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

ტრასტმა  2022 წლის მარტიდან შეცვალა დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით: შექმნა დაბრკოლებები და შეუზღუდა ბენეფიციარებს აქტივებთან წვდომა. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

შემდეგ კი სხვადასხვა ხელოვნური ბარიერით შეეცადა ვალდებულების შესრულების თავის არიდებას.

არსებული მდომარეობიდან დარჩა ერთადერთი გამოსვალი, ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა გამოგონილი ბარიერით საკითხის გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო მისთვის მიმართვა. 

Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცედა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც მისი განხილვა.

გენზის კუნძულის სასამართლომ 2023 წლის 24 მარტს მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვნებისა და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების სასარგებლოდ ტრასტის დაშლის თაობაზე.

მიუხედავად ამისა, Credit Suisse-ის ტრასტი აჭიანურებს ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტას, ტრასტის დაშლასა და აქტივების ბენეფიაციარების სურვილების შესაბამისად განაწილებას.

საქმეში ჩართულ ყველა ადვოკატს უჭირს სამართლებრივი ახსნა მოუძებნოს იმ გამოგონილ მიზეზებს, რომელსაც ბანკის ტრასტი იყენებს ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების გაჭიანურების მიზნით. მათი აზრითაც, ბანკის ტრასტის მიზეზები სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება; იუმორის ჟანრში გადადის. 

დღევანდელი მოცემულობით, ბანკის ტრასტი აბრკოლებს ბენეფიაციარების წვდომას აქტივებთან, თუმცა, ადვოკატები ვფიქრობთ, რომ მათ ფანტაზიებს, მიზეზების შეთხზვის თვალსაზრისით, ექნება საზღვარი და ბანკის ტრასტს მაინც მოუწევ ტრასტის დაშლაც და აქტივების განაწილებაც. სხვათაშორის, ხელშეკრულებაც ტრასტის დაშლის შესახებ და  აქტივების განაწილების თაობაზე რეზოლუციის ტექსტიც შეთანხმებული არის მხარეებს შორის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა არ გახდება საჭირო. ბანკის ტრასტი უკვე შეთანხმებულ დოკუმენტებს ხელს მოაწერს და გამოსცემს რეზოლუციას აქტივების განაწილების შესახებ. აღნიშნულით კი აღსდგება შეუზღუდავი წვდომა აქტივებთან, იმ აქტივებთან, რომელთანაც წვდომა შეზღუდული არის 2022 წლის მარტიდან: როგორც  Credit Suisse-ის ტრასტი ამბობს, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან,  - წერენ ადვოკატები.

მსგავსი სიახლეები