სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
14 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - შემზარავი დანასაული, დმანისში მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.