USAID საქართველოს 330 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს

21.05.21 14:30
USAID საქართველოს 330 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს

USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, დღეს ხელი მოაწერეს  შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს. 
ხელმოწერას ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

 შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას.

არსებული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას -განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.