სირცხვილია! - ოპოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე
შეცვლილი ავიარეისი და დაპატიმრებული ჟურნალისტი - მსოფლიო ლიდერებმა ინციდენტს ტერორიზმის კვალიფიკაცია მიანიჭეს. პოლიტიკოსების ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ამის მიუხედავად, საქართველო ავიალაინერის დანიშნულების ადგილზე მშვიდობით დაშვებას მიესალმება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა, თუმცა ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ რომან პროტასევიჩის დაკავება არ დაუგმია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებს და მას სამარცხვინოს უწოდებს.
ეს არის უპრეცენდენტო ფაქტი ევროპაში და ეს ნამდვილად განიხილება, როგორც ტერორისტული აქტი ბევრი საერთაშორისო ჩვენი პარტნიორის მხრიდან. ამ დროს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულიად სამარცხვინო განცხადება. მე ასეთი განცხადება არც ერთი დემოკრატიული ქვეყნისგან არ მინახავს. შესაბამისად, ამას აქვს მიზეზი, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია იმიტომ, რომ ცდილობს, ეს დათმობის პოლიტიკა რაღაცნაირად შეინარჩუნოს, მათ შორის რუსეთთან, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" თავისი შინაარსით ლუკაშენკოს რეჟიმთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.
საკუთარი პოლიტიკური შინაარსით „ქართული ოცნება“ ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს ლუკაშენკოს რეჟიმთან, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომლებიც უკიდურესად აღშფოთებულები არიან მომხდარით. სირცხვილია, რომ ჩვენს რეგიონში ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიის მაგალითი უნდა შექმნას სხვა სახელმწიფოებისთვის, მსგავს განცხადებას აკეთდებს მისი საგარე უწყება, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებიც ლუკაშენკოსგან ბელარუსი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავიუსუფლებას მოითხოვენ.