რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - წარწერები თბილისში

24.05.21 15:53
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - წარწერები თბილისში

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - ამ წარწერებით თბილისის ქუჩები აჭრელდა. წითელი საღებავით გაკეთებული საპროტესტო გზავნილები სამოქალაქო აქტივისტებმა ,,ქართული ოცნების" ოფისთან, აგრეთვე, საპატრიარქოს ფონდის კედლებზეც გააკეთეს. მოქალაქეები ითხოვენ, საპატრიარქოს პანსიონატმა გახსნას კარი სახალხო დამცველისთვის და სხვა მაკონტროლებლებისთვის, რომ გაირკვეს, რა პირობებში ცხოვრებენ მზრუნველობამოკლებული ბავშვები.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ კითხვის ადრესატი ხელისუფლება და საპატრიარქოა, რომლებიც ,,გაეროს ბავშვთა ფონდის" მოწოდებას არ იზიარებენ, რომ სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში შევიდეს და იქ არსებული სიტუაცია შეისწავლოს. 

სამოქალაქო აქტივისტი, მამუკა ჯუღელი, აცხადებს, რომ მსგავსი აქცია პერფომანსით საზოგადოების ყურადღების მოპყრობა სურთ.

მსგავსი აქციის მიზანია, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რასაც ჰქვია 57 ბავშვის გამოკეტვა ნინიწმინდის პანსიონში. ამას ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა,  არც ხელისუფლება და არც საპატრიარქო ყურს არ იბერტყავს და არ აინტერესებს, რა ხდენა პანსიონში. ბოლო ინფორმაციით, ბავშვებზე მოხდა ზეწოლა დასჯის მექანიზმით, ვითხოვთ, რომ შეუშვან პანსიონში სახალხო დამცველი. თუ საზოგადოებას ეს პრობლემა აწუხებს, 1 ივნისის აქციას შემოუერთდნენ კანცელარიასთან - აცხადებს მამუკა ჯუღელი.

აქტივისტებმა წარწერა საპატრიარქოს ფონდის შენობის კედელზეც გააკეთეს წარწერა, მაგრამ საპატრიარქოს რეაქცია არ გამოუხატავს.

არც წარწერა მინახავს და არც პანსიონის ამბები ვიცი. სახალხო დამცველზე არ ვიცი, მაგრამ ვინც საჭირო იყო, ის შეუშვეს და გამოუშვეს პანსიონში, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ბავშვებს ზრდიან, აჭმევენ, ასმევენ, სახალხო დამცველს სხვა ბევრი უარესი საქმე აქვს გასარკვევი და იმას მიხედოს. - აცხადებს ტვ პირველთან საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია-პერფომანსი და 1 ივნისს აქციას კანცელარიასთან ჩაატარებენ, სადაც ხელისუფლებას კვლავ შეახსენებენ, რომ თვითოეული ბავშვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოა.