20 ივნისის ღამეს ვერანაირი ხელმოწერით ვერ წაშლით -გიორგი სულაშვილი

24.05.21 20:12
20 ივნისის ღამეს ვერანაირი ხელმოწერით ვერ წაშლით -გიორგი სულაშვილი

თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისში  მიუძღვის წვლილი, იქნება პოლიციელი, თუ ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა - ასე მიმართა ,,20 ივნისის ღამის" დაზარალებულმა გიორგი სულაშვილმა დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს. 

გიორგი სულაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ 20 ივნისის დარბევის შედეგად 8 ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ამ ფაქტზე უფრო მძიმეა დაუსჯელობა იმ ადამიანებისა, ვინც აქციის დარბევის ბრძანება გასცა და ვინც შეასრულა.

20 ივნისს არც ერთი გაფრთხილება არ ყოფილა. არავის უთქვამს, დავიწყებთ სროლას და დატოვეთ ტერიტორიაო. ეს გაფრთხილება გაჟღერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე დააბრმავეს, თვალი ამოგვთხარეს, ძვლები დაგვიმტრიეს.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ 20 ივნისი არასდროს წაიშლება. თითოეული იქ დაზარალებული ადამიანი არის მსხვერპლი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გავრილოვი ჩამოიყვანეს. თვალები დაგვთხარეს, ადამიანები დაუნდობლად ცემეს, ვინ აუნაზღაურებს მათ მორალურ, ფიზიკურ და ყველანაირ ტკივილს, რაც 20 ივნისის ღამეს მიაყენეს არა მხოლოდ შემსრულებლებმა, რომლებმაც ჩახმახს გამოჰკრეს თითი, არამედ ვინც ბრძანება გასცა.

გიორგი სულაშვილი მიიჩნევს, რომ პასუხი უნდა აგონ ბრძანების გამცემებმაც და შემსრულებლებმაც, მაგრამ ამნისტიის კანონი მათ ამ პასუხისმგელობას ააცილებს.

მე საერთოდ არ მაინტერესებს, თუ ვინ რას აწერს ხელს და რა ხელშეკრულებები იდება. ჩემი პოზიცია არის, რომ 20 ივნისის ღამეს ვერ წაშლით ვერანაირი ხელმოწერით. თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისში  მიუძღვის წვლილი — იქნება პოლიციელი, რომელმაც გაისროლა თუ ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა. არ გაისვრიან, თუ არ აქვთ დავალება.

8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს და თუ რამე მაქვს, იცოდეთ რომ გადანერგილია. მხოლოდ თვალის დაკარგვაზე არ არის ლაპარაკი, ცალ მხარეს არაფერი მქონდა. ქართულ ლექსიკონში სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, რომ აღვწერო, რა გადავიტანეთ. დღესაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი იმ ადამიანების დაუსჯელობისა, რომლებმაც თვალი ამოგვთხარეს. მხოლოდ სამი პოლიციელი [ამდენია ბრალდებული უფლებამოსილების გადამეტებისთვის] ადამიანების ასე მასობრივად დასახიჩრებას ვერ შეძლებდა. რაც შეეხება ადამიანების მხრიდან ძალადობას, არავინ უმიზეზოდ არაფერს გააკეთებდა. იქნებოდა რაღაც წინა პროცესი, როდესაც ადამიანის მიმართ ძალადობა და გაღიზიანება მოხდა, მას შემდეგ, ალბათ, დაიწყო ის, რაც დაიწყო. არავის ვამართლებ, კანონის წინაშე უნდა ვიყოთ ყველანი ერთი — ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულზე. ჩვენ არ ვიყავით მოძალადეები, მშვიდობიანი დემონსტრანტები ვიყავით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ დაგვცალდა პროტესტის გამოთქმა - განაცხადა პარლამენტში ,,20 ივნისის ღამის" დაზარალებულმა.

პარლამენტში დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, სადაც ,,გავრილოვის ღამის" დაზარალებულებმა, გიორგი სულაშვილმა და დავით ხვადაგიანმა, მიიღეს მონაწილეობა.